საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან შეზღუდვები შემსუბუქება დაიწყო. გადაწყვეტილებები პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილიმა 24 თებერვალს, პრემიერად მოსვლის შემდეგ პირველ საკოორდინაციო სხდომაზე გამოაცხადა.

დღეს, 27 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. აქამდე ტრანსპორტი მგზავრებს მხოლოდ კვირის დღეებში ემსახურებოდა.

ამასთან, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე.

შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება მომდევნო დღეებშიც. მაგალითად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან მუშაობას აღადგენენ კერძო და საჯარო ბაღები; ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ; განახლდება კონფერენციები და ტრენინგები; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ; ასევე, მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.

გარდა ამისა, 1-ლი მარტიდან დამატებით 6 ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლას PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებს. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედის: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი.

ასევე, 8 მარტიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე საბაგიროები, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირასაც განაახლებენ. რაც შეეხება რესტორნებს, შიდა სივრცეებში მუშაობას ისინიც 8 მარტიდან შეძლებენ.

15 მარტიდან კი გაიხსნება სპორტული დარბაზები, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება, ამასთან, განახლდება სასკოლო წრეები და ბოლოს, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშს აღადგენენ.

პირველი აპრილიდან თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები საქმიანობას სრულად აღადგენენ (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით).

შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების მიუხედავად, ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.