ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საქნციების დაწესებაზე კიდევ ერთხელ საურობს. ის, ასევე, აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლარიზაცით შოკირებულია. ერთ-ერთ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია იმ სიტყვებით, რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პირად შეხვედრაზე უთხრეს.

"საუბრის ასეთი ენა მე არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან გამიგია. ისინი უფრო გონივრულები გამოდიან. როცა მთელ ოპოზიციას ეძახი ბოლშევიკებს, ფაშისტებსა და დამნაშავეებს. ისინი დემოკრატიის გაწმენდის გზას მხოლოდ მათ დაპატიმრებაში ხედავენ. ვცდილობდი, ამეხსნა, რომ დასავლეთში ასე არ იქცევიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვძულს კომუნისტები, არ ვაპატიმრებთ ერთმანეთს", — ამბობს პავილიონისი.

მისივე თქმით, "ივანიშვილის მარიონეტებმა ყველა ზღვარი გადალახეს და ეს მათთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

"ჩემზე ფილმი გადაიღეს ბიძინას ტელევიზიაში, რომ, თითქოს, ფულს ვიღებ სააკაშვილისგან. თუ მათ შეუძლიათ, მე გამიკეთონ ეს, რას გაუკეთებენ ქართველ ხალხს? ამიტომ, მოკლედ რომ მოგახსენოთ, ივანიშვილის მარიონეტებმა ყველა ზღვარი გადალახეს და მათ გაკვეთილი უნდა ისწავლონ. ჩვენ დახმარება პირობითი უნდა გავხადოთ. საქართველო ამ რეგიონში ჩვენი გადასახდის გადამხდელთა ჯიბიდან იღებს ყველაზე დიდ დახმარებას ერთ სულ მოსახლეზე და რისთვის იყენებენ ამას? ოპოზიციის წინააღმდეგ გაზის გასაშვებად და მათ დასაპატიმრებლად?

ჟიგიმანტას პავილიონისი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამდე საქართველოში იყო ჩამოსული და სიტუაციის განმუხტვის მიზნით ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. მან მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც მისი განცხადებების გამო ქართული ოცნება მას აკრიტიკებდა. მათ შორის, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მას "ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული" უწოდა. პავილიონისი ამბობდა, რომ ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება "პუტინისთვის საუკეთესო საჩუქარია". იგი მოუწოდებდა მხარეებს, რომ არ გაჰყოლოდნენ ბელარუსის გზას.

ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.