სტრიმინგ პლატფორმების კონკურენცია ბოლო წლებია, მათ მიერ გადაღებული სერიალებივით დრამატულ ჯახად იქცად. გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებს სურთ, ერთი მხრივ, განსხვავებული სანახაობა შესთავაზონ მაყურებელს, მეორე მხრივ კი, ახალი Stranger Things, The Witcher, ან, თუნდაც Game of Thrones აღმოაჩინონ.

ზემოთ ჩამოთვლილი პოპულარული სერიალებიდანაც ჩანს, რომ დღევანდელი მაყურებლისთვის ფენტეზი მიმზიდველი ჟანრია. სწორედ ამ ჟანრში შექმნილი ახალი სერიალი — Shadow and Bone — გამოჩნდება მალე ნეტფლიქსზე. მისი პირველი ტრეილერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა და მომლოდინე მაყურებლები აღაფრთოვანა.

სერიალში მთავარ როლებს ბენ ბარნსი, ჯესი მეი ლი, ამიტა სუმანი და ფრედი კარტერი ასრულებენ.

Shadow and Bone ამერიკელი მწერლის, ლი ბარდუგოს, YA წიგნების სერიას ეფუძნება. ისტორია მთავარი გმირის, ალინას, გარშემო ვითარდება, რომელიც აღმოაჩენს რომ მაგიურ ძალას ფლობს — დაიცვას სამყარო წყვდიადში შთანთქმისგან, რითაც არზღვიდან მოსული ურჩხულები იმუქრებიან.

ბარდუგოს შექმნილი წიგნების სერია, რომელიც ტრილოგიასა და ორ ორწიგნეულს მოიცავს, დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა მკითხველში. სერიას გრიშავერსის სახელითაც მოიხსენებენ, რადგან მოქმედება გრიშების სამყაროში ხდება, სადაც მცხოვრებლები განსაკუთრებულ მაგიას — მცირე მეცნიერებას — ეუფლებიან. აღსანიშნავია, რომ ავტორის წარმომავლობა რუსეთსაც უკავშირდება, ამიტომ, უნიკალურ ფენტეზი სერიაში სლავური ფოლკლორის ელემენტებსაც ვხვდებით.

The Guardian-ის მიერ ფენტეზის დედოფლად წოდებული ლი ბარდუგოს შექმნილი წიგნები მილიონობით ეგზემპლარადაა გაყიდული და თარგმნილია ათობით ენაზე, მათ შორის, ქართულადაც. გრიშავერსის ერთ-ერთი ორწიგნეულის პირველი ნაწილი, ყვავების ექვსეული, გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა 2019 წელს.

Shadow and Bone-ის პრემიერა ნეტფლიქსზე 23 აპრილს შედგება.