სომხეთი ქაოსის წინაშე

რამდენიმე დღეა, სომხეთის დედაქალაქის მთავარ მოედანზე აქციებს მართავენ როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერები. აქციების ტალღა პრემიერისა და გენშტაბის დაპირისპირებას მოჰყვა.

ფოტო: რადიო თავისუფლება

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უკმაყოფილება გამოთქვა შტაბის უფროსის პირველი მოადგილის გათავისუფლების გამო. ტირან ხაჩარიანი პრემიერმა ფაშინიანმა გაათავისუფლა.

განცხადებაში, რომელსაც ხელი გენერალური შტაბის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და სამ ათეულზე მეტმა სამხედრო მეთაურმა მოაწერა, ნათქვამია, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ და ისინი უნდა გადადგნენ. ფაშინიანმა ეს განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და საკუთარ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

დარტყმა სირიაზე

პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ჯო ბაიდენის ბრძანებით, პირველი სამხედრო ოპერაცია შესრულდა და ავიადარტყმა სირია-ერაყის საზღვარზე განხორციელდა. პენტაგონის ინფორმაციით, ეს შეტევა ერაყში აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმის პასუხია. შედეგად, რამდენიმე პროირანული დაჯგუფების ობიექტი განადგურდა.

ფოტო: Getty Images

მიმდინარე თვეში ერაყის ტერიტორიაზე ამერიკულ ბაზებს რამდენჯერმე დაესხნენ თავს. ერბილში კოალიციის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმისას ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. გარდა ამისა, თავდასხმა განხორციელდა აშშ-ის ბაზებზე ბაღდადში, მათ შორის ე.წ. მწვანე ზონაში, სადაც საელჩოებია განთავსებული.

განა პირველი ქვეყანაა, რომელმაც COVAX-ის პლატფორმიდან ვაქცინა მიიღო

ფოტო: UNICEF Gana

განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც COVAX პლატფორმიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიეწოდა. ქვეყანამ ინდოეთის ინსტიტუტის მიერ წარმოებული AstraZeneca/Oxford ვაქცინის 600 000 დოზა მიიღო.

განაში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან დაიწყება და სამედიცინო პერსონალის გარდა, 60 წელს გადაცილებული პირებიც აიცრებიან.

კონგოში იტალიის ელჩი მოკლეს

ფოტო: Getty Images

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩი, ლუკა ატანასიო და მისი თანმხლები სამხედრო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

მას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ესკორტი ახლდა. ელჩი ატანასიო მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მანუსკოში მიდიოდა, ხოლო თავდასხმა გაეროს პერსონალის მოტაცების მცდელობის ნაწილი იყო.

ავსტრალიაში Facebook-სა და Google-ს ახალი ამბებისთვის ფულის გადახდა მოუწევთ

ფოტო: Dado Ruvic/Illustration

ავსტრალიამ მსოფლიოში პირველმა მიიღო კანონი, რომელიც გიგანტურ ტექკომპანიებს — Facebook-სა და Google-ს მედია ორგანიზაციებისთვის მათი სიახლეების შინაარსის მასპინძლობისთვის გადასახადის გადახდას აკისრებს.

მას შემდეგ, რაც Facebook-მა მის საიტზე ავსტრალიის ახალი ამბები დაბლოკა, პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ შეეცვალათ კანონპროექტი, რომელმაც სენატის ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.

ცვლილებების გამოცხადების შემდეგ, Facebook დათანხმდა ავსტრალიის ახალი ამბების გვერდების აღდგენას, რომელიც მანამდე დაბლოკა.

H5N8 ტიპის ვირუსის ფრინველიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა

ფოტო: Getty Image

გასულ კვირას H5N8 ტიპის ვირუსის ფრინველიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა რუსეთში გამოვლინდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით მეფრინველეობის ქარხანაში შვიდი თანამშრომელი დეკემბერში დაინფიცირდა.

ფრინველის გრიპის სხვა შტამებით ადამიანები ხანდახან ინფიცირდებიან და ინფექცია ფატალურ შედეგებსაც იწვევს, მაგრამ H5N8 ტიპის ვირუსი აქამდე მხოლოდ შინაური ფრინველებში ვრცელდებოდა. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც შტამი ფრინველიდან ადამიანს გადაედო.

საუდის არაბეთის პრინცმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დაამტკიცა — აშშ

ფოტო: Getty Images

აშშ-მ სადაზვერვო სამსახურის ანგარიში გაასაჯაროვა, რომელშიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს დაუკავშირა. სადაზვერვო სამსახურის შეფასებით, პრინცმა სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის დაჭერის ან მკვლელობის ოპერაციას დასტური მისცა.

ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბევრმა სწორედ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი დაადანაშაულა. ჟურნალისტმა ქვეყანა სწორედ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო დატოვა. 2018 წელს ის საკონსულოში ახალი საბუთების ასაღებად მივიდა და ამის შემდეგ აღარავის უნახავს.

თავდაპირველად საუდის არაბეთი ჟურნალისტის გარდაცვალებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მან შენობა უვნებელმა დატოვა. თუმცა მოგვიანებით ხაშოგის გარდაცვალების სხვადსხვა ვერსიას ავრცელებდა, რის შედეგად საბოლოოდ აღიარა, რომ იგი საკონსულოს თანამშრომლებმა მოკლეს. სწორედ მუჰამედ ბინ სალმანი სახელდებოდა ხაშოგის მკვლელობის დამკვეთად, მაგრამ საუდის არაბეთში მსგავსი ვერსია არც განიხილება.

ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსი ჩამოართვეს

ფოტო: მოსკოვის სასამართლო

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრად აღარ მიიჩნევს. ამის მიზეზი მისი 15 წლის წინანდელი განცხადებები გახდა, რომელიც დისკრიმინაციულად შეფასდა. ამავე დროს, ორგანიზაცია კვლავ მიიჩნევს, რომ ნავალნის პოლიტიკური ნიშნით დევნიან და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

2000-იანების დასაწყისში ალექსი ნავალნი რამდენჯერმე შეამჩნიეს რუსული მარშის აქციებზე, რომელიც ულტრა-ნაიცონალისტური იდეებით გამოირჩეოდა. როცა ნავალნის პარტია იაბლოკოდან გარიცხეს, ოფიციალურ მიზეზად სწორედ მისი ნაციონალური განწყობები დასახელდა.

Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად 17 იანვარს, მოსკოვში მისი დაკავების შემდეგ აღიარა. ორგანიზაციის წესების თანახმად, აღნიშნული სტატუსის მიღების აუცილებელი პირობაა, რომ პირს ძალადობის ან სიძულვილის წამახალისებელი განცხადებები გაკეთებული არ ჰქონდეს.