ფაქტების გადამოწმების პორტალ მითების დეტექტორის მოკვლევის თანახმად, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ცალსახა დისკრედიტაციის კამპანია მის მიმართ გამოკვეთილა, თუმცა სახელისუფლებო ტროლების ნაწილი შეეცადა, მისი გადადგომა უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივ ქმედებად და ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყლის დასხმად შეეფასებინა.

მითების დეტექტორის მიხედვით, გახარიას გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში გაჩნდა ჰეშთეგი: #მემხარსვუჭერგიორგიგახარიას, ასევე, შეიქმნა ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი ანგარიშები (გახარიას პარტიის მხარდამჭერები, გახარია დაბრუნდეს) და საჯარო ჯგუფები, რომლებშიც აქტიურად ზიარდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია ახალი პარტიის შექმნას და მესამე ძალად ჩამოყალიბებას აპირებს.

"ჯგუფში ჩვენი მხარდაჭერა გახარიას! თავდაპირველად სატირული პოსტებიც ზიარდებოდა, თუმცა 22 თებერვლის მონაცემებით, მასში ახლადშექმნილი ჯგუფებიდან ყველაზე მეტი — 2 000 მხარდამჭერია მობილიზებული. ამ ჯგუფებს უმეტეს შემთხვევაში ყალბი ანგარიშები მართავენ", — ნათქვამია კვლევაში.

მითების დეტექტორის თანახმად, 18 თებრვლიდან გახარიას მხარდამჭერი 9 (ამ დროისთვის ერთ-ერთი მათგანი წაშლილია, ერთს კი სახელი აქვს შეცლილი) ახალი ჯგუფი შეიქმნა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მხარდამჭერ ჯგუფს (გიორგი გახარიას მხარდამჭერების ჯგუფი), რომელიც 20 თებერვალს შეიქმნა და 1 100 ადამიანს აწევრიანებდა, 23 თებერვალს სახელი შეეცვალა და სოლიდარობა ნიკა მელიას გახდა. ამავე დღეს ჯგუფმა სახელი მეორედ შეიცვალა და პოლიტNews-ად იქცა.