შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს, მძარცველიკი პოლიციის საპასუხო სროლით გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

"ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, პოლიციამ მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე მაშინვე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები, რომლის პროცესშიც, პოლიციის საპასუხო სროლის შედეგად ოქროს ბირჟაზე თავდამსხმელი გარდაიცვალა.

"რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი — 1996 წელს დაბადებული პირი, პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა", — ამბობენ შსს-ში.

მოგვიანებით, მომხდარზე განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა. უწყების თქმით, პოლიციის მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით აღიძრა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.