ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF და ვიტენბურგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი (Wittenborg University of Applied Sciences) ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ მიიღონ მონაწილეობა ონლაინ ვორქშოპში — სტარტაპის სიმულაცია. აღნიშნული ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში 4 მარტს 17:00 საათზე დაიწყება და საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. ვორქშოპს ვიტენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და 15-წლიანი გამოცდილების მქონე ბიზნეს კონსულტანტი ანდრეას ოიჯერი გაუძღვება.

ანდრეას ოიჯერი

ფოტო: ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF

ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეები ისწავლიან, როგორ დაიწყონ სტარტაპზე მუშაობა და ბიზნეს-იდეების სწორად გენერირებას გუნდებში მუშაობით შეძლებენ. მიღებული გამოცდილება მონაწილეებს ინვესტორისთვის საკუთარი იდეის წარმატებით წარდგენაში დაეხმარებათ.

ვორქშოპის ყველაზე აქტიური და წარმატებული მონაწილე უნივერსიტეტში სასურველ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, 1000 ევროს ოდენობით სასწავლო გრანტს მიიღებს.

ვიტენბურგში ჩაბარების ნებისმიერ მსურველს სააპლიკაციო პროცესში უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოში, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF სრულიად უფასოდ დაეხმარება. მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

ფოტო: ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF

ვიტენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი ჰოლანდიური უნივერსიტეტია. მას სამი კამპუსი აქვს: 2 ჰოლანდიაში - აპელდორნსა და ამსტერდამში, ხოლო ერთი ავსტრიაში, კერძოდ, ვენაში.

ვიტენბურგში სწავლა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, უნივერსიტეტს აქვს დაწყებითი კურსი: პროგრამა მათთვის, ვინც ჯერ არ არის მზად ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლის დასაწყებად.

უნივერსიტეტი კონცენტრირებულია ბიზნესის, მეწარმეობისა და მენეჯმენტის სწავლებაზე და პროგრამები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე თემატურად საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგალითად: ეკონომიკა და მენეჯმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი, ლოჯისტიკა, სპორტული ბიზნესის მართვა, უძრავი ქონების მართვა, განათლება და მეწარმეობა, ფინანსური სერვისების მართვა, ფინანსები და ინოვაცია.

სამაგისტრო ხარისხთან ერთად, ვიტენბურგის უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ანუ MBA ხარისხის მიღებაცაა შესაძლებელი .

აღსანიშნავია, რომ საბაკალავრო პროგრამაზე აპლიკანტებს სწავლის დაწყების 6 თარიღიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა აქვთ. ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ეწყობა პროექტების კვირეულები, რომლის ფარგლებშიც ისინი რეალურ ბიზნეს ქეისებზე მუშაობენ. ბაკალავრებსა და მაგისტრებს სტაჟირების სხვადასხვა კომპანიაში გავლის შესაძლებლობა ექნებათ, რაზეც თავად უნივერსიტეტი ზრუნავს.