უახლოეს ორ კვირაში ოპოზიცია რამდენიმე აქციას, ასევე, ორი შენობის პიკეტირებას გეგმავს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტთან დღეს გაიშლება კარვები, სადაც იქნებიან ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან ჩამოსული ადამიანები. დეკანოიძემ აღნიშნა, რომ აქ იქნება უწყვეტი პროტესტი.

რაც შეეხება მომდევნო ორ კვირას, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, გეგმა ასეთია:

  • 2 მარტს იგეგმება პარლამენტის შენობის პიკეტირება — "იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა, გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს გავრილოვის ვერც ერთი მსახური";
  • 5 მარტს იგეგმება მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება — "იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს, ღარიბაშვილის, რომელი თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის";
  • 9 მარტს იგეგმება აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან — "იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის ის, რომ მათი მთავარი დანიშნულება, მათი ფორმის მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის სამსახური და არა ბიძინა ივანიშვილი";
  • 11 მარტს იგეგმება აქცია სასამართლოსთან — "ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და ყველაზე მნიშვნელოვანი — უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ";
  • 13 მარტს იქნება კიდევ ერთი აქცია პარლამენტთან — "კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრნი და რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის".

ოპოზიციის აქცია, სადაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვენ, თავდაპირველად ფილარმონიასთან დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან გაგრძელდა. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთარობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს.