სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველაფერი მალე "დიდი შეთანხმებით" დამთავრდება და ქართულ ოცნებას "მოუწევს" ამას ხელი მოაწეროს. ამის შესახებ მან On.ge-ს ჟურნალისტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

"[ამ აქციას] გამარჯვების მიზანი აქვს. უნდა გავიმარჯვოთ თქვენც, ჩვენც, ქართული ოცნების მხარდამჭერებმაც. როდის იქნება გამარჯვება? როცა აღარ იქნება ქვეყნის შიგნით ჩაგვრა კანონის სახელით, აღარ იქნება დაპირისპირება. როცა საქმის კეთებაში იქნება კონკურენცია და არა ერთმანეთის ლაძღვა-გინებაში.

აი, ამისკენ მიმავალი აქციაა და ვფიქრობ, ყველა კომპონენტს, აქციებს, საერთაშორისო ასპარეზსს გამოვიყენებთ და საბოლოო ჯამში, რამდენიმე კვირაში დამთავრდება ეს დიდი შეთანხმებით და მოუწევს ქართულ ოცნებას შეთანხმებაზე ხელის მოწერა", — თქვა მან.

მისი განცხადებით, ყველაფერს აქვს "მომიწფების დრო", ახლა კი ეს "მომწიფდა", რაც შეთანხმებისთვის უნდა გამოიყენონ.

ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.

მსვლელობა ფილარმონიასთან დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან გაგრძელდა. ოპოზიციის ლიდერები მელიას დაპატიმრებას აპროტესტებენ და მას მხარდაჭერას ასე უცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.