ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ Spotify-იმ საქართველოში შემოსვლა გადაწყვიტა. ამ ამბავს კი რამდენიმე დღეში, ქვეყანაში პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობაც მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სერვისს საქართველოდან უამრავი ადამიანი მოიხმარდა, ის ოფიციალურად ხელმისაწვდომი რამდენიმე დღის წინ გახდა. ის კი, ვინც პლატფორმას აქამდე "არალეგალურად" იყენებდა, უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებსა თუ VPN-ს მიმართავდა დახმარებისთვის.

Spotify უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია საქართველოდან. ამ დღეს ბევრი ჩვენგანი ელოდა, რადგან ახლა უკვე თავისუფლად, პირდაპირ, შემოვლითი გზების ძიების გარეშე შეგვიძლია ეს ერთ-ერთი პოპულარული და პრაქტიკული მუსიკალური სტრიმინგ პლატფორმა გამოვიყენოთ. თუმცა, ამ სიახლესთან ერთად, თავი იჩინა კითხვებმა მოსახლეობის იმ ნაწილისგან, რომელსაც სერვისის შესახებ ჯერ არაფერი სმენოდა.

რა არის Spotify? როგორ დავრეგისტრირდე და გამოვიყენო? ფულის გადახდა მომიწევს? უფასო ვერსია არაა? Spotify-ის გამიკეთებ? — თუ ეს კითხვები გაქვთ, ან ამ კითხვებს უკვე ბევრი ადამიანი გისვამთ, ქვემოთ მათზე პასუხებს გთავაზობთ და რამდენიმე პრაქტიკულ რჩევასაც მოვაყოლებთ, რა თქმა უნდა.

რა არის Spotify?

Spotify აუდიო სტრიმინგ სერვისია, ერთგვარი მუსიკალური ბიბლიოთეკა, სადაც შეხვდებით სხვადასხვა შემსრულებლის მუსიკასა თუ პოდკასტებს, რომლებსაც პლატფორმაზე მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწე არტისტები თუ პოდკასტერები ტვირთავენ. ეს ერთ-ერთი უდიდესი მუსიკალური ბიბლიოთეკაა, სადაც მაღალი ხარისხით შეძლებთ მოისმინოთ საყვარელი კომპოზიციები. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციით მუსიკის მოძიებისთვის ინტერნეტი გჭირდებათ, მისი გამოყენება ოფლაინაც შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ საყვარელ კომპოზიციებს თქვენს ალბომებში (ფლეილისთებში) მოაქცევთ და მათ გადმოტვირთავთ.

ერთი სიტყვით, Spotify ერთი მხრივ სერვისია, რომელიც საყვარელი მუსიკის მაღალ ხარისხში მოსმენის საშუალებას გაძლევთ, მეორე მხრივ კი, გეხმარებათ, დამატებითი პლატფორმების გამოყენების გარეშე, აპლიკაციიდან გაუსვლელად მოიძიოთ ახალი კომპოზიციები, სინჯოთ ახალი ჟანრები, ან მიიღოთ სპეციალურად თქვენს გემოვნებას მორგებული შემოთავაზებები. აქ აქტიურია "რადარიც", რომლითაც შეგიძლიათ იპოვოთ სულ ახალი სიმღერები იმ ჟანრებში, რომლის სიყვარულშიც Spotify-იმ შეგამჩნიათ.

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ Spotify-ის არაერთი ალტერნატივა არსებობს და Apple, Amazon თუ Google მის კონკურენტებსაც გვთავაზობენ, ეს მაინც არის პლატფორმა, რომელიც მოხერხებული ინტერფეისითა და მომხმარებელზე მორგებული სიახლეებით, მელომანებს განსაკუთრებულ კომფორტსა და სიმყუდროვეს უქმნის. ამასთან, აქ ახლის ძიება და აღმოჩენა წახალისებული ქცევაა.

Spotify პირველად 2008 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, პლატფორმაზე ბევრი რამ შეიცვალა. დღეს ის პოპულარულ აუდიო სერვისებს შორის გვხვდება. აქაც შეგიძლიათ გამოიწეროთ საყვარელი არტისტები, პოდკასტერები თუ მეგობრები, რომელთა საჯარო ფლეილისთებში ძრომიალი და მათ მიერ მოწონებული მუსიკის მოსმენაც შეგიძლიათ. ესეც ერთგვარი სოციალური ქსელია, სადაც მეგობრების აზრების ნაცვლად, მათ მუსიკალურ გემოვნებასა და ახალ აუდიო ამოჩემებებს ეცნობით. (თუმცა, აქვე შეგიძლიათ "ჩაიკეტოთ" და თქვენ მიერ შექმნილი ფლეილისთები მხოლოდ თქვენთვის იყოს ხელმისაწვდომი).

რა ღირს Spotify საქართველოში და რატომ ღირს მასში ფულის გადახდა

მათთვის, ვისაც უნდა "გასინჯოს" პროდუქტი, სანამ მასში ფულს გადაიხდის, Spotify-ის უფასო ვერსიაც არსებობს. ესეც რომ არა, სანამ სასურველ პაკეტში ფულის გადახდას დაიწყებთ, ერთი თვე უფასოდ შეგიძლიათ გამოსცადოთ ეს პლატფორმა. თუმცა, მაინც სჯობს ამ სტრიმინგ სერვისში ფულის გადახდა, რადგან თვეობით უფასო ვერსიის გამოყენება ძალიან არაპრაქტიკულია.

ყველა ციფრული პროდუქტი, რასაც უფასოდ მოვიხმართ (მათ შორის, Facebook-იც), სავსეა რეკლამებით, რომლებიც ხშირად შუა ვიდეოებში ჩნდება და ჰო, პირდაპირ რომ ვთქვათ, ნერვებს ძალიან გვიშლის. ასეთი რამ ხდება Spotify-ის უფასო ვერსიაშიც — აქ, როცა საყვარელ მუსიკას უსმენთ, შეიძლება შუაში რეკლამა გაგეჩხიროთ, რის შემდეგაც შეიძლება მოსმენის განწყობაც დაკარგოთ. გარდა ამისა, აქ აუდიოს ხარისხიც დაბალია (160kbit/s). Spotify-ის ფასიანი ვერსია კი დაცლილია რეკლამებისგან. აქ თქვენ ხართ ის, ვინც "ფულს იხდის და მუსიკას უკვეთავს". თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს "ფული", ყოველთვიურად, არც ისე დიდი თანხაა.

Spotify-ის ფასიან ვერსიას აქვს რამდენიმე პაკეტი. მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ოჯახური (Family) პაკეტი, სადაც ყველაზე ნაკლების გადახდა გიწევთ, რადგან 6 ადამიანი ერთიანდებით და ერთი პაკეტით, თუმცა, სხვადასხვა ანგარიშით იწყებთ სარგებლობას. ეს, თვეში, დაახლოებით, 9 ლარი ჯდება. თუმცა, საქართველოში, ჯერჯერობით, მხოლოდ პრემიუმ პაკეტია ხელმისაწვდომი, რომლის ფარგლებშიც 4.99 დოლარის, ანუ, დაახლოებით, 15 ლარის გადახდაა საჭირო.

Spotify Premium-ის აუდიოს ხარისხი 320kbit/s-ს აღწევს და აქ ვერ შეხვდებით ვერც აუდიო რეკლამას და ვერც სარეკლამო ბანერებს. ოფლაინ მოსმენასაც შეძლებთ, რადგან პრემიუმ პაკეტში (ისევე, როგორც საოჯახოში) გადმოწერის ფუნქცია შედის. რადგან გადმოწერის ფუნქცია აქვს. თუმცა, თუ სერვისში ფულის გადახდას შეწყვეტთ, აქ ჩამოწერილი მუსიკის მოსმენას ვეღარ შეძლებთ.

საქართველოში ციფრულ პროდუქტებში ფულს იშვიათად ვიხდით, თუმცა, Spotify შეიძლება გამონაკლისი იყოს.

როგორ დავრეგისტრირდეთ Spotify-ზე — რა არის ამისთვის საჭირო

პირველ რიგში, ამისთვის უნდა გახსნათ Spotify-ის სარეგისტრაციო გვერდი, თქვენს დესკტოპ, თუ მობილურ ბრაუზერში. აქ მოგიწევთ ელ.ფოსტისა და პაროლის ჩაწერა, სტანდარტულად, სახელის შერჩევა. ასევე, მოგიწევთ შეიყვანოთ დაბადების თარიღი და გენდერი, გადახდის მეთოდი (საბანკო ბარათის მონაცემები). ამის შემდეგ, დააჭერთ Sign up ღილაკს და ვუალა, უკვე Spotify-ზე ხართ. აქვე შეგიძლიათ აარჩიოთ შესაბამისი პაკეტი, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მხოლოდ პრემიუმია ხელმისაწვდომი, თუმცა, პირველი ერთი თვე Spotify Premium-ის გამოყენებას უფასოდ შეძლებთ.

ბრაუზერში დარეგისტრირების შემდეგ, შეგიძლიათ ჩამოწეროთ უფასო აპლიკაცია, რომელიც App Store-სა თუ Google Play-ზეა ხელმისაწვდომი. აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, გაივლით ავტორიზაციას — ჩაწერთ შესაბამის ველებში ელ. ფოსტასა და პაროლს. თქვენი ფლეილისთები თუ ისტორია ხელმისაწვდომი იქნება როგორც თქვენს ლეპტოპზე (საიდანაც, სავარაუდოდ, რეგისტრირდებით და შესული ხართ Spotify-ზე) და აპლიკაციაშიც, რომელსაც ძირითადად, სმარტფონზე იყენებენ ხოლმე.

როგორ აღმოვაჩინოთ მუსიკა თუ პოდკასტები Spotify-ზე?

ეს ამ სტატიის საკმაოდ მარტივი და თქვენს სამომხმარებლო გამოცდილებას მიბმული ნაწილია. მას შემდეგ, რაც Spotify-ზე ამოყოფთ ყურს, თქვენი გვერდი მზადაა აღმოჩენებისთვის. აქ პლატფორმა შემოგთავაზებთ პოპულარულ ფლეილისთებს, მათ შორის, ქვეყნის მიხედვით პოპულარულსაც. ანუ, აქ შეძლებთ გაიგოთ, თუ რას უსმენენ თქვენს ქვეყანაში. აქ ნახავთ ფლეილისთებს განწყობის მიხედვით, პოპულარულ ალბომებსა და ჰიტებს, რომელიც ტრენდულია მიმდინარე მომენტისთვის. სანამ მეგობრებს იპოვით და მათ ფლეილისთებში ძრომიალს დაიწყებთ, შეგიძლიათ საკუთარი საყვარელი კომპოზიციებიც მოაქციოთ ასეთ დასაკრავ სიებში, დაარქვათ მათ რაც გინდათ და მოუსმინოთ როცა გინდათ და როგორც — ონლაინ, თუ ოფლაინ.

რაც უფრო მეტ მუსიკას უსმენთ, მით მეტი იცის პლატფორმამ თქვენი მუსიკალური გემოვნების შესახებ. შესაბამისად, მეტად თქვენზე მორგებულ შემოთავაზებებს იღებთ და სულ უფრო რეალური ხდება, საყვარელი ჯგუფის მიერ, ჯერ კიდევ გუშინ გამოშვებული ალბომი სამეგობროში პირველმა სწორედ თქვენ ნახოთ და მოისმინოთ. ხოლო თუ თქვენი საყვარელი არტისტები ახალ სიმღერას ჩაწერენ, ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ. როგორც უკვე ვთქვით, აქ თქვენ ხართ ის, ვინც ფულს იხდის, შესაბამისად, ბუნებრივია, პრივილეგიებითაც სარგებლობთ.

აქ დაგხვდებათ ისეთი განყოფილებები, როგორიცაა Recently played, Daily Mix და ა.შ. ეს ყველაფერი კი Made for you სექციაში ერთიანდება. პლატფორმის მიერ გენერირებული ფლეილისთები შეიძლება საუკეთესოდ ვერ მოერგოს თქვენს გემოვნებას. შეგიძლიათ მათი ალტერნატივები თვითონ შექმნათ. ის, თუ რას დაარქმევთ ფლეილისთს, ასევე მოქმედებს იმაზე, თუ რას შემოგთავაზებთ პლატფორმა მომავალში. შექმნილ დასაკრავ სიაში კი ახალი კომპოზიციების დამატება სულ შეგიძლიათ.

მაგალითად, ბევრს აქვს ფლეილისთი, სადაც ძილის წინ მოსასმენი მუსიკა აქვს გაერთიანებული, ან ფლეილისთი, სადაც ფეხით სიარულის პარალელურად მოსასმენ ტრეკებს ინახავს, ან ფლეილისთი, სადაც მოწყენილობის ჟამს მოსასმენ მუსიკას უყრის თავს. ხოლო თუ ისეთ რამეს იპოვით, რასაც თქვენ მიერ უკვე შექმნილ კატეგორიებში — ფლეილისთებში ვერ ათავსებთ, შეგიძლიათ ის უბრალოდ მოიწონოთ და ასე, მას Liked Songs-ში შეინახავთ.

მოკლედ, თქვენზეა დამოკიდებული როგორ მოიხმართ პლატფორმას. თქვენზე, თქვენს მუსიკალურ საჭიროებებსა და გემოვნებაზე. მასზე რეგისტრაცია კი უკვე ძალიან მარტივი პროცედურაა, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ეს სერვისი ოფიციალურადაა ხელმისაწვდომი საქართველოდან. დამატებით კი უნდა ითქვას, რომ Spotify-ის შემოსვლა საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყანაში მოღვაწე არტისტებისთვისაა. ისინი პლატფორმაზე საკუთარი მუსიკის განთავსებას შეძლებენ.