საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა გაუმართლებელია და ამის ჩამდენი ყველა პირი უნდა დაისაჯოს, რათა მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ქვეყანაში. აღნიშნულით ბოჭორიშვილი მის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ.

"მათთვის ვინც ვერ გაიგო: ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ეს ჩაიდინა! ვისურვებდი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში! სიძულვილის ენა არის ასევე მიუღებელი ჩემთვის, საიდანაც არ უნდა ისმოდეს ის, მათ შორის ტელევიზიიდან! სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქართულ ტელესივრცეს ძალიან ბევრი წელია მინიმალურად ვადევნებ თვალს და ყურს. ინფორმაციის მიღების სხვა საშუალებებს ვირჩევ. იმედია, ამის უფლება ჯერ კიდევ მაქვს! განსხვავებულ აზრს და კრიტიკას პატივს ვცემ და არ მაშინებს! არც განსხვავებული აზრის მქონე მეგობრებთან ვწყვეტ ურთიერთობას! კრიტიკა და სიძულვილის ენა სხვა და სხვა რამ არის! სიძულვილის ენის დაგმობა არ შეიძლება იყოს ძალადობის წახალისება-ლოგიკაში არ ჯდება!", — წერს ბოჭორიშვილი ფეისბუქგვერდზე.

ბოჭორიშვილმა ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სიძულვილის ენა არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია.

25 თებერვალს, ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი პირი უკვე დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.