საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქართული ოცნება და კრიმინალები "ხელიხელგადახვეული ცდილობენ, დაჩაგრონ მოქალაქეები". მისი თქმით, 2020-ის არჩევნებზე ჟურნალისტებთან ქცევამ ცხადყო, რომ გაფორმდა "ფლირტი" მმართველ გუნდსა და კრიმინალებს შორის, რაც მომავალში სხვადასხვა ფორმას მიიღებდა.

"რა თქმა უნდა, მძიმე დღე არის, მე არ ვიტყოდი, რომ მედიისთვის, მთელი საზოგადოებისთვის, როდესაც ჟურნალსიტს თავს ესხმიან კრიმინალები და ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ადამიანს გააჩნია ალტერნატიული კითხვების დასმის კვალიფიკაცია, სურვილი და ამბიცია და ამ პროფესიას ემსახურება. იცით რა, ჩვენ თუ გავიხსენებთ, 2020 წლის არჩევნებს და იქ რა რეაქციაც იყო ჟურნალისტებზე; როგორი აგრესიით, თავხედობით და თავგასულობით, აი, ეს მოკრიმინალო ელემენტები, როგორ ექცეოდნენ იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს ჩვენი და საზოგადოების ინფორმირებისათვის, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს ალიანსი, ეს ფლირტი, რომელიც უკვე აბსოლუტურად გაფორმდა ქართული ოცნების პოლიტიკურ ჯგუფსა და კრიმინალს შორის, ეს ფლირტი სხვადასახვა ფორმას მიიღებდა, იღებს და მიიღებს მომავალში.

ეს არის უკვე ურთიერთობა, მათ ესმით უკვე ერთმანეთის. არამარტო ესმით ერთმანეთის იმიტომ, რომ ქუჩაში ბედავენ კრიმინალები, თავს დაესხან ამ შემთხვევაში ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის გამო, არა! მე ვხედავ რომ თვითონ ამ პოლიტიკურ ჯგუფსაც ესმის ამ კრიმინალების, ესმის მათი აღშფოთების. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც კრიმინალი და პოლიტიკური ძალა ხელიხელგადახვეული ცდილობენ, რომ დაჩაგრონ ქვეყნის მოქალაქეები", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და ოჯახის წევრებს. სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებმა პროფესიული საქმიანობის გამო მიაყენეს შეურაცხყოფა. ჟურნალისტს ტვინის შერყევას აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი ადამიანი დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

თავდასხმას უკიდურესად შემაშფოთებელი უწოდა სახალხო დამცველმა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი მომხდარი დაგმო. აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ხელისუფლებას, ამ საქმესთან ერთად გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის გაუხსნელი საქმეები.

განსხვავებული იყო რეაქციები ხელისუფლებაში. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს ცალკეულმა დეპუტატებმაც, თუმცა ზოგიერთმა მიუთითა იმაზეც, რომ "არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" და "კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით".

ამავე თემაზე: