საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!", — წერს პრეზიდენტი.

ფორმულას ჟურნალისტს, ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა და ახლა დამატებით კვლევებს გადის.

სანაიას განცხადებით, თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ. ის მომხდარს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი ადამიანი დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

თავდასხმას უკიდურესად შემაშფოთებელი უწოდა სახალხო დამცველმა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი მომხდარი დაგმო. აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ხელისუფლებას, ამ საქმესთან ერთად გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის გაუხსნელი საქმეები.

განსხვავებული იყო რეაქციები ხელისუფლებაში. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს ცალკეულმა დეპუტატებმაც, თუმცა ზოგიერთმა მიუთითა იმაზეც, რომ "არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" და "კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით".

ამავე თემაზე: