ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს გადახდა რომ ნდომოდა, ახლა ციხეში არ იქნებოდა. ასე ეხმაურება კანდელაკი პროკურორ ამირან გულუაშვილის ბრიფინგს იმის თაობაზე, რომ პროკურატურა მზადაა მიმართოს სასამართლოს მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით, თუ მელია გირაოს ამჯერად მაინც გადაიხდის.

"ამ გირაოს გადახდა რომ ნდომოდა ნიკა მელიას, ციხეში კი არ წავიდოდა?! ეს რაღაც თამაშია. არასერიოზულია ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ უბრუნდებიან იმ მოცემულობას, რა მოცემულობაზეც ნიკამ თქვა უარი", — განაცხადა კანდელაკმა ფორმულას ეთერში.

გიორგი კანდელაკი ფიქრობს, რომ პროკურატურის ეს გადაწყვეტილება დასავლეთის მხრიდან წამოსული კრიტიკის საპასუხო ნაბიჯია.

"მათ დაინახეს კრიტიკის ტალღა, რომელიც მხოლოდ ახლა იკრებს ძალას და თითქოს რეაგირებენ ამ ტალღაზე, მაგრამ, თან ეჭვი ეპარებათ — გაგრძელდება ეს ტალღა? მე მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია", — აცხადებს გიორგი კანდელაკი.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების კიდევ ერთხელ შეცვლის შესახებ მზაობა მას შემდეგ გამოთქვა, რაც სააპელაციო სასამართლომ მელიას ადვოკატების სარჩელი პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, კერძოდ, გირაოს ნაცვლად პატიმრობის გამოყენების შესახებ პირველად 16 თებერვალს მიმართა. მეორე დღეს, 17 თებერვალს, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მელიას პატიმრობა შეუფარდა. 23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა.

ნიკა მელიას დაპატიმრებას ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

გაიგეთ მეტი: