მულტფილმების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ანიმაციის კინოსტუდია პიქსარისგან ყოველთვის სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდნენ და გამონაკლისი არც წელს იქნება.

Luca — ასე ჰქვია მათ ახალ პროექტს, რომელიც 13 წლის ლუკას და მისი საუკეთესო მეგობრის, ალბერტოს ზღაპრული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

სულ ახლახან გამოქვეყნებული პირველი ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად შთამბეჭდავი და დაუვიწყარი სანახაობა გველოდება:

ამ ანიმაციის შემოქმედი იტალიელი რეჟისორი ენრიკო კასაროსაა, რომელსაც მაყურებელი ოსკარის ნომინანტი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმით La Luna იცნობს. ლუკა მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ანიმაციაა.

რეჟისორის წარმომავლობის გაგების შემდეგ, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ პიქსარის ახალი ანიმაციის სიუჟეტიც მეტწილად იტალიური ელემენტებითაა დახუნძლული: მთავარი გმირები, რომლებიც ნახევრად ზღვის ურჩხულები არიან, მცხუნვარე ზღვის სანაპიროებზე ერთობიან, სპაგეტის მიირთმევენ, ჯელატოს შეექცევიან და მოპედებით სეირნობენ.

პიქსარმა გასულ წელს Soul და Onward გამოუშვა, რომლებმაც მაყურებლების გული უკვე მოიგო და წლევანდელ სიახლეებსაც მოუთმენლად ველოდებით.

ლუკას პრემიერა, ცხადია, ზაფხულში — 18 ივნისს შედგება.

ფოტო: Pixar