ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ადამიანის პროფესიული საქმიანობა, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს.

"ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით თუ ეს ხდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც საზოგადოების ყველა წევრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ. არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე ადამიანის პროფესიული საქმიანობა მოგვწონს თუ არა, როგორ ფასდება ის რომელიმე პირის თუ პირთა წრის მიერ, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ იძლევა ძალადობის გამართლების არანაირ საშუალებას", — წერია მდინარაძის განცხადებაში.

ჟურნალისტ ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი პირი უკვე დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სანაია თავდასხმას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს გამოიწვია იმ "პროპაგანდამ", რაც კრიტიკული არხების მიმართ ხორციელდება.