თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ოფიციალურ განცხადებაში ერდოღანი გაზს უსვამს საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობასა და პარტნიორობის მნიშვნელობას.

"თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 100 წლისთავი საქართველოსთან, რომელიც იყო პირველი ქვეყანა, ვინც ანკარაში საელჩო გახსნა.

დარწმუნებული ვარ, თქვენი აღმატებულების მხარდაჭერით ყველა სფეროში გაგრძელდება და განვითარდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხში", — ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმინისტრმაც.

"აზერბაიჯანი და საქართველო დაკავშირებულნი არიან ღრმა ისტორიული ფესვების მქონე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად გაგრძელდება და გაფართოვდება ჩვენი მჭიდროდ დაკავშირებული ერების ნების საფუძველზე", — წერია აზერბაჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მილოცვაში.

"მტკიცე მეგობრულ კავშირებს სომხეთსა და საქართველოს შორის ზურგს უმაგრებს საუკუნოვანი კონტაქტები, ღრმა პატივისცემა და ნდობა ჩვენს ერებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთობლივი პროგრამების განხორციელების ფარგლებში, რათა სრულად იყოს გამოყენებული სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოების საკეთილდღეოდ", — ვკითხულობთ სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილის მმართველმა პარტიამ ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა. რამდენიმე საათში კი პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მის პრემიერმინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა.