თბილისში ამერიკის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები.

"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", — წერია საელჩოს განცხადებაში.

ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი პირი უკვე დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სანაია თავდასხმას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს გამოიწვია იმ "პროპაგანდამ", რაც კრიტიკული არხების მიმართ ხორციელდება.