ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის სტილია საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებში უგულებელყონ ის, რაც მათ არ მოსწონთ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ნაწილზე გააკეთონ აქცენტი. ასე გამოეხმაურა იგი ევროკავშირის დღევანდელ განცხადებას და მასზე ოპოზიციონერი ლიდერების შესაფებებს.

"დღეს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირ წერია ოპოზიციის პასუხისმგებლობის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად. ისინი ურჩევენ ოპოზიციას, ვინაიდან მათი როლი არის გადამწყვეტი, რომ შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის სტილია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციის, რომ რაც არ მოსწონთ, იმას საერთოდ აიგნორებენ და შემდეგ ამოიკითხავენ ერთ ფრაზას, ან აბზაცს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა და ამაზე აქვთ აგებული მთელი საინფორმაციო ბადე", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა. მისივე თქმით, გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.