საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "უდიდესი შეურაცხყოფაა", როცა ვინმე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რუსეთს და ალექსეი ნავალნის საკითხებს ადარებს. ამის შესახებ მან კოჯორში, იუნკერების მემორიალთან ისაუბრა.

"უდიდესი შეურაცხყოფაა, როდესაც ვინმე დღეს საქართველოს ადარებს რუსეთს, ადარებს ნავალნის საკითხებს. ეს პოლიტიკური შეფასებები, რაც არ უნდა იყოს პოლიტიკური ამბიციები, არის ამ ახალგაზრდების [იუნკერების] შეურაცხყოფა", — თქვა მან.

ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.