საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ჟურნალისტების მხრიდანაც ხშირია სიძულვილის ენა. აღნიშნულით ის ვახო სანაიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.

"ნუ დავინახავთ ყველა ამ რაღაც კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა და ზოგადად, ყველასგან სასურველია, ჩემთვის პირადად სასურველია ვნახო, რომ ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არცერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი არის ნამდვილად შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი", — განაცხადა ბოჭორიშვილმა ფორმულას ეთერში.

დღეს, 25 თებერვალს, ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი პირი უკვე დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.