საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ელჩის განცხადებით, სევდიანი დღის მოსაგონრად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები კოლაუ ნადირაძის ლექსს 25 თებერვალს ერთად წაიკითხავენ.

"დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე ხელი მოსკოვში მოაწერა.

იმ სევდიანი დღის მოსაგონრად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ჩემი კოლეგები, ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, 25 თებერვალი. ლექსი 1985 წელს გამოქვეყნდა, თუმცა იგი აღწერს იმ დღის ტრაგედიას, როდესაც მოსკოვმა ქართველებს წაართვა დამოუკიდებლობა და როდესაც მათი ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთეს. ლექსი შემზარავი სიცხადით აჩვენებს საბჭოთა პერიოდში ამაყი ქართველი ხალხისთვის კრემლის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სიძნელეებს.

დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", — ამბობს დეგნანი.

ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.