ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმა "უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა".

"მივიჩნევთ, რომ ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა. ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, ქართული ოცნების სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება. ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით", — წერია განცხადებაში.

დღეს დილით ჟურნალისტ ვახო სანაიას დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი პირი უკვე დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ხელმომწერი პარტიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია;
  • გამარჯვებული საქართველო;
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა;
  • სტრატეგია აღმაშენებელი;
  • ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა;
  • ლელო საქართველოსთვის;
  • ტრიბუნა;
  • ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები;
  • სამართლიანობისთვის;
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია;
  • სახელმწიფო ხალხისთვის;
  • ევროპული დემოკრატები;
  • კანონი და სამართალი,
  • რესპუბლიკური პარტია;
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;
  • გირჩი-მეტი თავისუფლება;
  • თავისუფალი დემოკრატები;
  • ელენე ხოშტარია;
  • ირაკლი ღლონტი;
  • შალვა შავგულიძე.