საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას გმობს და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ. ქარტია ხელისუფლებას ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა", — წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი პირი უკვე დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.