100 წელი გავიდა 1921 წლის 25 თებერვლიდან, როცა წითელმა არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა. საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, რომელიც უზუსტობებს შეიცავდა.

"1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა", — აღნიშნული იყო მთავრობის განცხადებაში.

თუმცა ისტორია მოვლენებს სხვანაირად აღწერს. წითელი არმია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 11 თებერვალს შემოიჭრა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ანექსიის თარიღად 17 თებერვლის განსაზღვრა არასწორია. ამასთან, შეცდომაში შემყვანი იყო ისიც, რომ ბრძოლის ველზე იუნკერთა დიდი ნაწილი დაიღუპა, როცა კოჯორ-ტაბახმელასთან 9 იუნკერი დაეცა. გარდა ამისა, მათი განმარტებით, არც ისაა სწორი, რომ მხოლოდ იუნკრებს ახსენებენ, რადგან წითელ არმიას ათასობით სხვა მეომარიც ებრძოდა ეროვნული გვარდიიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ამ პოსტის კომენტარებში მოქალაქეები წერდნენ, რომ ტექსტი შეცდომებს შეიცავს, განცხადება მხოლოდ 13 საათის შემდეგ ჩაასწორეს და ყველა კომენტარი წაშალეს. ამასთან, მთავრობის პრესსამსახურმა წინა განცხადება ტექნიკური ხარვეზით ახსნა და ბოდიში მოიხადა.

"1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებში ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა. იუნკერები საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ", — ამ ტექსით ჩასწორდა წინა განცხადება.

ჩასწორების მიუხედავად, საბჭოთა არმიის შემოჭრის თარიღად კვლავ 17 თებერვალია მითითებული, რაც არასწორია. ასევე, კვლავ საუბარია მხოლოდ იუნკერებზე.

საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ მთავრობის განცხადება "სამარცხვინოა" და მხოლოდ საბჭოთა ვერსიას ეყრდნობოდა.

"ჩვენ ვნახეთ, ფაქტობრივად, საბჭოთა ვერსიის ლეგიტიმაცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მხოლოდ 16 თებერვალის შემდეგ დაიწყო წითელმა არმიამ შემოსვლა, როცა საქართველოს რევკომი შეიქმნა, რომელმაც მიმართა საბჭოთა რუსეთს "დასახმარებლად" აჯანყებული მუშებისა და გლეხებისთვის. ფაქტობრივად, ეს გაიმეორეს ოკუპაციის 100 წლის აღსანიშნავად. ამაზე უარესი რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ თავისი მთავარი წარმომადგენლის პირით, სრულიად ძნელი წარმოსადგენია [...]

არ ვიცი, საიდან მოიტანეს [ეს თარიღი]. ალბათ, რუსულად "დაგუგლეს", სხვანაირად ამ თარიღის ასე გადაკეთება წარმოუდგენელია. ალბათ, ლოგიკურად ჩათვალეს, რომ თუკი 16-ში რევკომმა მიმართა, ე.ი. 17-ში დაიწყებდა შემოსვლას", — განმარტავს ხვადაგიანი.

ისტორიკოსი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ოკუპაციისა და ქვეყნის დაპყრობის ისტორიის საბჭოურ შელამაზებას "ხშირად ვხვდებით". მისი აზრით, ამ ტექსტის ავტორიც, მსგავსი "შელამაზების" გავლენის ქვეშაა.

"დღემდე, როგორც ჩანს, ადამიანი, რომელიც ამას წერდა, ვერ გამოვიდა ამ საბჭოთა ზღაპრებიდან, ისევ მხოლოდ და მხოლოდ იუნკრებზეა საუბარი. იუნკრების რაოდენობა იყო ძალიან მცირე, ორასზე ნაკლები და 9 დაიღუპა. დიახ, მათი დაღუპვა არის ძალიან სამწუხარო, თუმცა არ დაიღუპნენ მხოლოდ და მხოლოდ იუნკრები. დაიღუპა უამრავი მოხალისე, უამრავი ჯარისკაცი, უამრავი გვარდიელი", — ამბობს ის.

რაც შეეხება, განცხადების ჩასწორებას, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ასეთ დროს ტექნიკურ შეცდომაზე საუბარი "ცეცხლზე ნავთის" დასხმაა:

"რა ტექნიკურ შეცდომაზეა საუბარი? დრო არ ჰქონდათ გაერკვიათ? ახლა უცბად გაახსენდათ, რომ 25 თებერვალია? ეს არის უპასუხისმგებლობის მანიფესტაცია, არაპროფესიონალიზმის".

ხვადაგიანის თქმით, საბჭოთა ისტორიოგრაფიას აწყობდა არაფერი ეთქვა ათასობით ათასობით გვარდიელსა და მოხალისეზე და ეჩვენებინა ისე, თითქოს მხოლოდ სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულები იბრძოდნენ.

როგორც ხვადაგიანი ამბობს, როცა 90-იანებში ოკუპაციის შესახებ ახალი ცოდნა და კვლევები არ შეიქმნა, ისევ იუნკრებზე დაიწყეს საუბარი, როგორც ერთადერთ მებრძოლ რესურსზე. მისი თქმით, რეალურად, მთელი თბილისის ფრონტი 40-კილომტერიანი რკალი იყო, რომელსაც 15 ათასამდე მებრძოლი იცავდა, ხოლო სამხედრო სკოლის კონტინგენტი ტაბახმელის ფრონტის ერთ მონაკვეთზე იყო მობილიზებული.

საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 1991 წელს შეძლო. 1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს სსრ-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ გაერთიანებას, მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს გადაეცა. უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

ამავე თემაზე: