სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ პაშინიანი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ის მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

"გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად ვთვლი. დაუყოვნებლივ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მომხრეს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებონ. პირიდაპირი მიმართვაც ერისადმი მალე მექნება", — განაცხადა პრემიერმინისტრმა Facebook-ზე.

სომხეთის სამხედრო მაღალჩინოსნები ფაშინიანისა და მისი მთავრობის კაბინეტის გადადგომას ითხოვენ.

Armenpress-ის თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მწვავე უკმაყოფილება გამოხატა.

განცხადებას, რომელსაც ხელი გენერალური შტაბის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და სამ ათეულზე მეტმა სამხედრო მეთაურმა მოაწერა, ნათქვამია, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ.

"დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებული ძალები მოთმინებით იტანდნენ მოქმედი მთავრობის "თავდასხმებს", რომლებიც შეიარაღებული ძალების ცილისწამებისთვის იყო მიმართული. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები. მთავრობის "არაეფექტიანმა" ადმინისტრაციამ და "საგარეო პოლიტიკაში დაშვებულემა სერიოზულმა შეცდომებმი" ქვეყანა განადგურების პირამდე მიიყვანა", — აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე თქმით, ჯარი ყოველთვის იყო ხალხთან, ისევე როგორც ხალხი ჯართან.

სომხეთში მოქმედი პრემიერმინისტრისადმი უკმაყოფილების ტალღა 2020 წლის სექტემბერში აზერბაიჯანთან ომის შედეგების შემდეგ დაიწყო. 10 ნოემბერს, გვიან ღამით, მოულოდნელად, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

სომხეთისთვის ომის არასახარბიელოდ დასრულების გამო, ერთ დროს მოსახლეობისგან მხარდაჭერილი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მაშინვე დაიწყო. ოპოზიცია და აქტივისტები მის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში შეტაკებები განაახლეს და პროვოკაციებში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 40-დღიანი ომის შემდეგ, 9-10 ნოემბერს მოსკოვში სამხრივი შეთანხმებით დასრულდა.