ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიდევ ერთი კონსულტაციის შემდეგ, რომელიც კვირის ბოლომდე გაიმართება, ცნობილი გახდება, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას. დღეს, 25 თებერვალს სამინისტროში ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

სამინისტროს განცხადებით, კვირის ბოლოს კონსულტაციები COVAX-ის, Pfizer-ისა და საქართველოს მხარეების მონაწილეობით გაიმართება.. ამასთან, კომუნიკაციაა ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით როგორც უშუალოდ მწარმოებელთან, ასევე კოვაქსის პლატფორმის საშუალებით.

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებთა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლოს მიიღებდა. თუმცა 24 თებერვალს სამინისტროში აღნიშნეს, რომ ვაქცინის მირების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ დაგვიანება Pfizer-ის მხრიდან დამატებით მოთხოვნებს უკავშირდება.

პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს Pfizer-ია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი. ამასთან, მარტის დასაწყისში COVAX პლატფორმის ფარგლებში უნდა შემოვიდეს AstraZeneca-ს 315 000 დოზაც. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებდა.

გაიგეთ მეტი: