ბოლო დროს სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს ვიდეოები, სადაც ადამიანები თოვლის გუნდებს ცეცხლს უკიდებენ იმის დასამტკიცებლად, რომ იგი არა ნამდვილი, არამედ ყალბი თოვლია.

ექსტრემალურმა ამინდმა აშშ-ს სამხრეთ შტატებში, მათ შორის ტეხასში, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვა და 58 ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღერს, ასეთ ექსტრემალურ ქარიშხლებს სწორედ გლობალური დათბობა იწვევს.

ასევე იხილეთ: ტეხასელები თავიანთ ტესლებში იძინებენ, რათა სიცივეს გადაურჩნენ

თუმცა, ადამიანთა ნაწილი კლიმატის ცვლილებებს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ თოვლი "სინთეტურია". მათ ახალი შეთქმულების თეორია წამოაყენეს იმის თაობაზე, რომ ამინდსაც მთავრობა აკონტროლებს.

სოციალური მედიის მომხმარებლები ამ თეორიის დასამტკიცებლად თოვლის გუნდებს უკიდებენ ცეცხლს და აცხადებენ, რომ ეს ნამდვილი თოვლი არაა. ამინდზე კი ბილ გეიტსს აკისრებენ პასუხისმგებლობას.

"მადლობა ბილ გეიტსს იმისთვის, რომ ასე იდიოტურად გვატყუებს. ეს ნამდვილი თოვლი არაა — იგი კი არ დნება, არამედ იწვის", — ამბობს ახალი თეორიის ერთ-ერთი მომხრე.

"შეთქმულების ეს თეორია ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენს ჩემთვის იმისა, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა და როგორ გადაიზრდება იგი თანდათან დამახინჯებულ მსოფლმხედველობაში", — განუცხადა Euronews-ს ები რიჩარდსმა, მეცნიერმა, რომელმაც გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობით გაითქვა სახელი.

"აღნიშნული თეორია წარმოადგენს კომბინაციას კლიმატის ცვლილებების უარყოფის, მეცნიერების უცოდინარობის და რწმენის, რომ არსებობს ყოვლისშემძლე ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ, მათ შორის ამინდსაც. იგი არაფრით განსხვავდება მერჯორი ტეილორ გრინის მტკიცებისგან იმის შესახებ, რომ ტყის ხანძრები, რომლებიც უფროდაუფრო მასშტაბურ სახეს იღებენ, არა კლიმატის ცვლილებით, არამედ კოსმოსური ლაზერების მოქმედებითაა გამოწვეული, რომლებსაც ებრაელები აკონტროლებენ", — ები რიჩარდსი.

"ამ შემთხვევაში ექსტრემალური ამინდი კლიმატის ცვლილებებს უნდა მივაწეროთ. შეთქმულების თეორიის მიმდევრები ხედავენ ამ ცვლილებებს, თუმცა მათ უბრალოდ ურჩევნიათ იგი წარმოსახვით ბოროტ ადამიანთა ჯგუფს დააბრალონ და ჩათვალონ, რომ მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ და არფრის შეცვლა არ შეუძლიათ", — ამბობს ები რიჩარდსი.

რატომ არ დნება თოვლი?

რა თქმა უნდა, თოვლი ნამდვილია, მაგრამ ის ვიდეოები, რომლებსაც ეს ადამიანები აქვეყნებენ, ასევე რეალურად გამოიყურება.

არსებობს მოსაზრება, რომელიც ამას უკავშირებს სუბლიმაციის პროცესს, როდესაც ნივთიერება ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადადის — ამ შემთხვევაში მყარიდან აირადში, ან პირიქით, თხევადი მდგომარეობის გავლის გარეშე.

ასტრონომმა ფილ ფლეტმა მსგვასი შეთქმულების თეორიის წინააღმდეგ 2014 წელს ჩაწერა ვიდეო, სადაც ახსნა, რომ თოვლს აქვს ფორები და სწორედ ამიტომ შთანთქავს იგი წყალს.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ხალხისთვის დამაბნეველია და სავარაუდოდ დეზინფორმაციის გავრცელებას იწვევს, არის ფაქტი, რომ ამ ვიდეოებში გუნდაზე ცეცხლის მოკიდების შემდეგ მას წვის კვალიც აღენიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ 'ცეცხლმოკიდებული' და 'ნამწვის მქონე' გუნდა უჩვეულოდ გამოიყურება, სინამდვილეში ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს: აღნიშნულ 'ნამწვს' სინამდვილეში იწვევს სანთებელაში არსებული ქიმიური ნივთიერებები. მსგავსი მოვლენა დაიკვირვება, თუ სანთებელას შუშას ან სარკეს მიუახლოვებთ.

"ჩვეულებრივ, როდესაც სანთებელა იწვის ჰაერში, ამ დროს შავი კვამლი არ ჩნდება, თუმცა ამ შემთხვევაში თოვლი ფილტრის როლს ასრულებს და მის ზედაპირზე ილექება შავი ჭვარტლის ნაწილაკები, რომლებიც თეთრი თოვლის ფონზე ადვილად შესამჩნევი ხდება რამდენიმე წამის შემდეგ", — განუცხადა დოქტორმა ტენდი გრაბსმა USA Today-ს.

იგი იმასაც ამბობს, რომ თუ ეს ადამიანები საკმარისად დიდ ხანს დაიჭერენ გუნდას ცეცხლთან ახლოს, შემდეგ თოვლიც დაიწყებს დნობას და წყლის წვეთების დანახვასაც შეძლებენ.