განქორწინების საქმეზე პეკინის სასამართლომ ქმარს, გვარად ჩენს ყოფილი ცოლის, უონგის სასარგებლოდ 7,700 დოლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. აღნიშნული თანხა ცოლის მიერ 5 წლის განმავლობაში შესრულებული საოჯახო საქმეების ფულად ანაზღაურებას გულისხმობს და განქორწინების შესახებ შეთანხმების ნაწილია.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იანვრიდან ჩინეთში ძალაში შესულ კანონს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, მეუღლეს, რომელიც ბავშვების აღზრდასა და საოჯახო საქმეებს უფრო დიდ დროს უთმობს, განქორწინების შემთხვევაში მეორე მეუღლისგან შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს.

განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს ჩენმა მიმართა. ცოლმა ქონების გაყოფა და საოჯახო საქმეების შესრულების ანაზღაურება მოითხოვა. მისი თქმით, ქორწინების განმავლობაში ქმარი საოჯახო საქმეებში ჩართული არ ყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვი დედასთან იცხოვრებს, მამას კი ყოველთვიური ალიმენტის გარდა, საოჯახო საქმეების შესრულებისათვის, დამატებით, 7,700 დოლარის გადახდის ვალდებულებულება დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ქალები საოჯახო საქმეებზე დღეში, დაახლოებით, 4 საათს ხარჯავენ და მათ მიერ გაწეული შრომა არ ანაზღაურდება. კაცებისთვის კი ეს მაჩვენებელი დღეში 1,5 საათს უტოლდება. საოჯახო საქმეების არათანაბარი გადანაწილება არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოშიც პრობლემური საკითხია.