განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც COVAX პლატფორმიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიეწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყანამ ინდოეთის ინსტიტუტის მიერ წარმოებული AstraZeneca/Oxford ვაქცინის 600 000 დოზა მიიღო.

Covax პლატფორმაზე ვაქცინები საქართველოსაც აქვს შეკვეთილი. ამის მიუხედავად, საქართველოში ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. ჯანდაცვის სამინისტროში კი ზუსტად ვერ ამბობენ, როდის მივიღებთ მას. პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს Pfizer-ია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზაც შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველოს ვაქცინის 150 ათასი დოზა უნდა მიეღო.