რესტორნები შიდა სივრცეების ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. გამონაკლისია ბათუმი, სადაც ეს შეზღუდვა 1-ლი მარტიდან მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

რეგულაციის შემსუბუქება მხოლოდ სამუშაო დღეებზე ვრცელდება — შაბათ-კვირის შეზღუდვა ძალაში რჩება.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შესაბამისი პროტოკოლების შესრულებაზე იქნება მკაცრი მონიტორინგი. მისი თქმით, აუცილებელი იქნება პერსონალის ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

"ჩვენ ძალიან მკაცრად დავაკვირდებით, თუ როგორ მიდის აქ პროტოკოლების შესრულება. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან და დავინახეთ მათი მხრიდან არსებითად პასუხისმგებლიანი მიდგომა", — ამბობს თურნავა.

კვების ობიექტების ღია სივრცეებში მუშაობის უფლება 15 თებერვლიდან აქვთ.

გაიგეთ მეტი: