გოლფის ლეგენდარული მოთამაშე, 45 წლის ტაიგერ ვუდსი სამშაბათ დილას ლოს-ანჯელესთან ახლოს ავტოავარიაში მოყვა. ვუდსის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და რამდენჯერმე გადატრიალდა. ვუდსი მანქანაში მარტო იმყოფებოდა და ორივე ფეხის მძიმე დაზიანებებით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის განცხადებით, ვუდსი, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და მისი სიცოცხლე ღვედმა და უსაფრთხოების ბალიშებმა იხსნა. ადგილზე მისულთ ლეგენდარული სპორტსმენი გონზე დახვდათ, თუმცა ადგომა არ შეეძლო. საავადმყოფოში გადაყვანილ ვუდსს ოპერაცია დასჭირდა. ინფორმაცია მისმა აგენტმა, მარკ სტეინბერგმა დაადასტურა.

ვუდსს ხანგრძლივი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამჟამად გონზეა. მისი მდგომარეობის შესახებ განცხადება სპორტსმენის ტვიტერის ანგარიშზე გამოქვეყნდა.

შერიფის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ავტოავარია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავმა ორგანოებმა სხვა მანქანა ვერ აღმოაჩინეს.