იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია სამშენებლო დარღვევების გამო კომპანიას მშენებლობის შეჩერებას მოსთხოვს, მაგრამ, კომპანია ამ მოთხოვნას ორჯერ არ დაემორჩილება და დარღვევებით გააგრძელებს მშენებლობას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. შესაბამისი კანონპროექტი თბილისის მერია მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.

"მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმა. გადავახდევინებთ ჯარიმას თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან. თუ ხელმეორედ არ იქნება გამოსწორებული, ეს უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადავა", — განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

კალაძე განმარტავს, რომ რამდენიმე წლის წინ, ხელახალი დარღვევებისთვის ჯარიმის ოდენობა გაზარდეს, მაგრამ, ამან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მისი განცხადებით, კომპანიები ზოგჯერ მიზანმიმართულად არღვევენ სამშენებლო ნორმებს.

"ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ. სწორედ ამიტომ, შემოგვაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმა. გადავახდევინებთ ჯარიმას, თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოო არქიტექტურულ ნებართვასთან. თუ ხელმეორედ არ იქნება გამოსწორებული, ეს უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადავა", — განაცხადა კალაძემ.

კანონპროექტი ითვალისწინებს მანამდე დაფიქსირებული გარკვეული დარღვევების ჩამოწერასაც. კონკრეტულად, ეს შეეხება მხოლოდ იმ შენობებს, რომლებიც მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, თუმცა გარკვეული ტიპის დარღვევებით 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულდა.

"ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები", — განმარტა კახა კალაძემ.

კანონპროექტში, ასევე, ჩაიწერა, რომ მშენებლობებზე აიკრძალოს ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება შენობის ექსპლუატაციაში შევლამდე. კალაძე ამას იმით ხსნის, რომ როცა ეს კომუნიკაციები შეყვანილია, ადამიანები დაუსრულებელ შენობებში ცხოვრობენ.

"დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული [...] იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმებისა და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

დღეს გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის აქვს ინტერესი შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. არის შემთხვევები, როდესაც მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და მასში მცხოვრები ადამიანები დადიან აქეთ-იქით, რომ ექსპლუატაციის პრობლემა მოაგვარონ", — განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს პარლამენტში მხარდაჭერა ექნება.