აკადემიური სფეროს 40 წარმომადგენელი, ძირითადად სამართლის სფეროდან, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე უარი თქვას. ერთობლივ განცხადებაში ისინი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისა და აქტივისტების დაკავებას ეხმაურებიან.

"შეშფოთებას გამოვთქვამთ და ვგმობთ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტების თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც აკადემიური სფეროს წევრები ამბობენ, ხელისუფლების შეუზღუდავმა ქმედებებმა მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია:

"ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის".

განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სწორად გააანალიზონ რისკები, შეწყვიტონ რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ დევნა და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.