სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას შეუძლია ტელევიზორით სარგებლობა, თუ მას შეიძენს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მელიამ გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს.

ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ოპოზიის ლიდერს ტელევიზორი არ აქვს და იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ამ საკითხს დროულად მოაგვარებს.

"ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას. ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.