გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ელჩებმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეშფოთება გაუზიარეს იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს მოხდა.

"მათ გაგვიზიარეს საკუთარი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა სიტუაციის ესკალაცია იმის გამო, რაც ჩვენ დღეს დილით ვიხილეთ. შინაარსი იყო ის, რაც განცხადებებში ვნახეთ, საჯარო განცხადებებში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ისე ევროკავშირის ელჩის. ახალი მაგ მხრივ არაფერი არ ყოფილა. ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. რაც შეიძლება იყოს აქედან გამოსავალილ, ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტპატიმრების გამოშვება და შემდეგ ახალი არჩევნები ახალი წესებით", — განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს გამთენიისას სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სპეცრაზმებელი შენონაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან.

მათ პირველი საართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ოთახში გამოიყენეს გაზიც.

ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.