პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს დიალოგის გახსნისკენ მოუწოდებს.

"დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს", — აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.

"ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე. ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო არ აქვს. დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", — ამბობს ღარიბაშვილი.

დღეს გამთენიისას სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სპეცრაზმებელი შენონაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან.

მათ პირველი საართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ოთახში გამოიყენეს გაზიც.

ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.