საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ნიკა მელიასადმი მაქსიმალურ ჰუმანიზმს იჩენდა, "მელია კი ყველაფერს აკეთებდა საკუთარი თავის დასაჭერად". ამის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა.

"მისი დაკავებისასაც კი, როდესაც მეორე მხარეს პროვოკაცია და ძალადობა იგეგმებოდა, პოლიციამ პროპორციული ძალის გამოყენებით, მაქსიმალურად ჰუმანურად უზრუნველყო კანონის აღსრულება. სწორედ ჰუმანიზმი და ეს ხელწერაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ გუნდის წევრი გავხდი", — აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, საქართველო უნიკალური კულტურით მდიდარი, უძველესი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, თუმცა გაუთავებელმა ომებმა, ოკუპაციამ სახელმწიფოებრივობის შეგრძნება დაგვიქვეითა და დაგვავიწყა, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთნოდეს!". ბოლქვაძე აცხადებს, რომ "ჩვენი თავის მართვას მაშინ შევძლებთ, როდესაც თითოეული მოქალაქე გაითავისებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია!".

"ამ ანბანურ ჭეშმარიტებაზე არის დაფუძნებული განვითარებული ევროპული სახელმწიფოები და თუკი ჩვენ, მუდმივი არეულობის, კანონის ფეხქვეშ გათელვის მცდელობებში ვიქნებით, ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია ძალიან გაგვირთულდება. საბედნიეროდ, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დადგა და კანონი ისე აღასრულა, რომ არავინ დაშავებულა", — წერს დეპუტატი.

დღეს, 23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.