საიდუმლო არავისთვის არაა, რომ ვარსკვლავები თითოეული ფილმისა თუ შესრულებისთვის სოლიდურ თანხას იღებენ, ამიტომ ხშირად რამდენიმე მილიონიან შეთავაზებაზე უარის თქმაც თამამად შეუძლიათ. ამის მიზეზი ზოგჯერ მათი პრინციპები და ხედვაა, ზოგჯერ კი — ადამიანური შეცდომებია.

გთავაზობთ 10 შემთხვევას, როდესაც ცნობილმა ადამიანებმა მილიონიანი შეთავაზებები არ მიიღეს:

1. ABBA-მ 1 მილიარდ დოლარზე თქვა უარი

ფოტო: RB/Redferns/Getty

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი შვედური პოპ-ჯგუფი 1972 წელს შეიქმნა და 1982 წელს დაიშალა, თუმცა ამით მათი პოპულარობა ნამდვილად არ დასრულებულა. 2000 წელს ABBA-ს წევრებს საერთო მუსიკალური ტურნეს სანაცვლოდ 1 მილიარდი დოლარი შესთავაზეს, მაგრამ მათ შეთავაზება არ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი 2021 წელს 5 ახალი სიმღერით აპირებს დაბრუნებას.

2. ცნობილ სიმღერას Somebody That I Used To Know იუთუბის რეკლამებიდან 1,6 მილიონის გამომუშავება შეეძლო

აღნიშნული სიმღერა Gotye-მ 2011 წელს გამოუშვა, თუმცა იგი პოპულარულობას დღემდე არ კარგავს. კლიპს იუთუბზე 1,6 მილიარდი ნახვა აქვს და რეკლამების საშუალებით, სოლიდური თანხის გამომუშავებაც შეეძლო, თუმცა არტისტს საკუთარი შემოქმედების რეკლამებთან ასოცირება არ სურს, ამიტომ შემოთავაზება უარყო.

3. The Beatles-მა კონცერტის ჩატარებასა და 50 მილიონზე თქვა უარი

ფოტო: John Pratt / Keystone / Getty

მას შემდეგ, რაც 1970 წელს ყველასათვის საყვარელი როკ-ჯგუფი დაიშალა, წევრებმა საერთო კონცერტის ჩატარების შეთავაზება რამდენჯერმე მიიღეს. 1974 წელს წევრებს კონცერტისთვის თავდაპირველად 10 და 30, ბოლოს კი - 50 მილიონი დოლარი შესთავაზეს. ბევრი ფიქრის შემდეგ ჯგუფის წევრებმა შეთავაზება არ მიიღეს.

4. ჯოდი ფოსტერი როლს 15 მილიონის სანაცვლოდაც არ დასთანხმდა

ფოტო: Strong Heart Productions

ჯოდი ფოსტერმა ფილმში The Silence Of The Lambs დეტექტივი კლარისის როლისთვის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა, თუმცა როდესაც ფილმის მეორე ნაწილში თამაში შესთავაზეს, ფოსტერმა საყვარელი პერსონაჟის განსახიერებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი ის ნოველა გახდა, რომლის მიხედვითაც ფილმის მომდევნო ნაწილი უნდა გადაეღოთ. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს კლარისის პერსონაჟის განვითარება არ მოეწონა.

5. 75 მილიონი Breaking Bad-ის დამატებითი 3 ეპიზოდისთვის

ფოტო: Matt Baron/REX/Shutterstock

Breaking Bad ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო სერიალადაა მიჩნეული, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს. მის შემქმნელს, ვინს გილიგანს დამატებითი 3 სერიის სანაცვლოდ 75 მილიონი დოლარი შესთავაზეს, თუმცა მან ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ სერიალი 62 ეპიზოდისგან შედგება. ეს რიცხვი სიმბოლურია, რადგან სერიალის მთავარი გმირი ქიმიკოსია, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, 62 კი სამარიუმის ატომური ნომერია, რომელიც სიმსივნის მკურნალობაში გამოიყენება. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მაინც ისაა, რომ დამატებითი ეპიზოდების გადაღების შემთხვევაში შემქმნელებს დასასრულის შეცვლა მოუწევდათ.

6. კრისტიან ბეილი ბეტმენის მეოთხედ განსახიერებისთვის 50 მილიონს მიიღებდა

ფოტო: Warner Bros

ბეტმენის შესახებ გადაღებული ბნელი რაინდის ტრილოგია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. კრისტიან ბეილმა სამივე ფილმში ბეტმენის განსახიერებისთვის ჯამში 54 მილიონი დოლარი მიიღო. ტრილოგიის ბოლოს მეოთხე ფილმში თამაში 50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, თუმცა ბეილმა შემოთავაზებაზე უარი თქვა. ტრილოგიის რეჟისორს, კრისტოფერ ნოლანს სჯეროდა, რომ ისტორია მესამე ფილმით უნდა დასრულებულიყო, კრისტიან ბეილმა კი რეჟისორის სურვილი გაითვალისწინა.

7. შონ კონერმა გენდალფის როლსა და 450 მილიონზე თქვა უარი

ფოტო: Getty Images

შონ კონერი საზოგადოებამ ჯეიმს ბონდის ფილმებით გაიცნო. შონ კონერი პირველი იყო, ვისაც ბეჭდების მბრძანებელში გენდალფის როლის შესრულება შესთავაზეს, თუმცა მსახიობმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. უარმა მას საბოლოოდ 450 მილიონი დოლარი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის განსახიერების შესაძლებლობა დააკარგვინა.

8. მეთ დეიმონმა ავატარის როლზე უარის თქმით 278 მილიონი დაკარგა

ფოტო: Getty Images

ავატარი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მეორე ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფილმს Avengers: Endgame ჩამორჩება. ასეთ ფილმზე უარის თქმას, ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანი სულ ცოტათი მაინც ინანებდა და გამონაკლისი, ალბათ, არც მეთ დეიმონია.

9. The Smiths-მა კოაჩელას ფესტივალზე გამოსვლასა და 5 მილიონზე თქვა უარი

ფოტო: Rhino Records

80-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის დაშლამ მსმენელებს გული ძალაინ დასწყვიტა. დაშლის შემდეგ, ჯგუფის წევრებს ხელახლა შეკრება რამდენჯერმე შესთავაზეს, თუმცა მათ შემოთავაზებაზე ყოველ ჯერზე უარი განაცხადეს. გამონაკლისი არც 2006 წლის კოაჩელას ველის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი აღმოჩნდა, რომელზე გამოსვლაშიც ჯგუფის წევრები 5 მილიონ დოლარს მიიღებდნენ. ჯგუფის ვოკალისტმა, მორისმა განაცხადა, რომ უარის მიზეზი ფული არ იყო. როგორც ცნობილია, ვოკალისტსა და გიტარისტს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აღარ ჰქონდათ, ამიტომ ჯგუფის უარი გასაკვირი სულაც არაა.

10. კიანუ რივზმა Speed 2-ში მონაწილეობაზე უარის თქმით 12 მილიონი დაკარგა

ფოტო: Stephen Lovekin/REX/Shutterstock

კიანუ რივზს მატრიცას ფილმების წყალობით კინომანები კარგად იცნობენ. მსახიობის კარიერისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფილმი Speed, რომლის შემოსავალმაც 350 მილიონი დოლარი შეადგინა. ფილმის მეორე ნაწილში კიანუ რივზს როლი ისევ შესთავაზეს, თუმცა სცენარის წაკითხვის შემდეგ, მსახიობმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.