USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, იდეათონი "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" იწყება.

იდეათონი მეწარმეებს, ბიზნესის მფლობელებს/მენეჯერებს, საინიციატივო ჯგუფებს, გადამუშავებითა და ნარჩენების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ კონცეფციები, თუ როგორ შექმნიან ბიოდეგრადირებად შეფუთვას პლასტმასისა და სხვა ერთჯერადი გამოყენების ნარჩენების ჩასანაცვლებლად.

მონაწილეების მიერ წარმოდგენილი სერვისის/პროდუქტის შექმნამ და/ან განვითარებამ ხელი უნდა შეუწყოს ნარჩენების ნაკადის შემცირებას, რომელიც საქართველოს ნაგავსაყრელებზე ჩაედინება. წარმოდგენილი პროდუქტი/სერვისი უნდა დაეხმაროს სასტუმროს, რესტორნისა და კაფის (HORECA) სექტორს, პლასტიკური შეფუთვა ჩაანაცვლონ ბიოდეგრადირებადი ალტერნატივებით ხელმისაწვდომ ფასად.

იდეათონით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი 15 მარტამდე. შერჩეული იდეების ავტორები გაივლიან ორკვირიან აქსელერაციის პროგრამას, სადაც, მენტორების დახმარებით, იმუშავებენ იდეის ბიზნესმოდელის დახვეწასა და განვითარებაზე. აქსელერაციის დასასრულს, ისინი წარდგებიან ჟიურის წინაშე იდეათონის პრიზის მოსაპოვებლად.

იდეათონის საპრიზო ფონდი 60 000 ლარია, რომელსაც გამარჯვებული გუნდი ან გუნდები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისგან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან და გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) მიიღებენ. საყურადღებოა, რომ გამარჯვებული გუნდი ან გუნდები მიიღებენ არა თანხას, არამედ, ამ თანხის ფარგლებში მოთხოვნილ სერვისს ან მომსახურებას, რაც ბიზნესის დაწყების ან განვითარებისთვის იქნება საჭირო.

იდეათონი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შესაფუთი მასალების მწარმოებელთა (PMAG) და საქართველოს ნარჩენების მართვის (GWMA) ასოციაციებთან პარტნიორობით. იდეათონი წარიმართება კომპანია "ფორსეტის" ორგანიზებით. ღონისძიების მედიაპარტნიორია NEXT.On.ge.