ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკა დამნაშავეების თავშესაფრად იქცა. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ნიკა მელიას დაკავების გამო ქვეყნის პარტნიორების კრიტიკას უპასუხა. მისი თქმით, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მალე დარწმუნდებიან, რომ კანონის აღსრულება პოლარიზაციის შემცირებას ხელს შეუწყობს.

"სამწუხაროდ, საქართველოში, პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა, პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა. დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა. ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში. სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს", — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროატლანტიკურ ოჯახში პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, არ რჩება პოლიტიკაში.

"ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი — პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობაში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ., არ რჩება პოლიტიკაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება", — განაცხადა კობახიძემ.

ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.

დღეს, 23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.