მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა და ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე "იბრიქებოდნენ", როცა მელიას დაცვაზე საუბრობდნენ, სინამდვილეში, კი სპეცრაზმს "საწყალი ხალხი შეატოვეს".

"დაამძიმა სურათი დღევანდელმა სპეცოპერაციამ, ნიკა მელიას დაჭერამ. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება ამოსუნთქვა, ახლა სჭირდება დამშვიდება და პარლამენტშიც და პარლამენტის მიღმა... ხალხზე უნდა ვიფიქროთ და ხალხზე უნდა ვილაპარაკოთ, ხალხის პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვილაპარაკოთ. იბრიქებოდნენ იქ უგულავა და ხაზარაძე, დაიცვეს მელია? ვინ შეატოვეს? ისევ საწყალი ხალხი და საწყალი აქტივისტები დააჭერინეს, აი, ეგეთი ლიდერები არიან ისინი, უბრალო ხალხი და აქტივისტები დააკავებინეს. აბა, ვინ არის მელიას გარდა დაკავებული", — აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, ორივე მხარე უნდა მიხვდეს რომ აღნიშნული სიტუაცია ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა.

"კი არ უნდა ვიპოლიტიკანონ, არამედ სახელმწიფოებრივად შევხედოთ სწორად. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა. დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, დღეს იყო ესკალაცია, ძალიან სამწუხარო სურათი რაც ვნახეთ და რაც ვიხილეთ. დღესაც იგივეს ვიმეორებთ, რასაც ვამბობდით გუშინ და მთელი ეს პერიოდი, რასაც ყველა ჩვენი მეგობარი ამბობს. მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა, სანამ მართლა გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულში, უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა, გადაგვიცდა უფსკურლისკენ, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ ეს რაღაც გაჯიქება ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს", — განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს სპეცრაზმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი შენონაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი საართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც.

გუშინ ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მანამდე ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მისი გამოსვლა შეეხო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესაც. მან განაცხადა, რომ მელია "მართლმსაჯულებას ვერ დაემალება", რადგან "კანონი უნდა აღსრულდეს".

"კიდევ ვიმეორებ, ბატონი [ნიკა] მელია, გვარს არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, სადაც არ უნდა იმალებოდეს, იგი ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს, კანონი აღსრულდება, ისე, როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებში", — აღნიშნა მან.

ღარიბაშვილმა ნიკა მელიაზე არა ერთხელ, არამედ მეორედაც ისაუბრა. მან თქვა, რომ "ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიიის თავმჯდომარეობა" და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისინი "მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევენ".

აღსანიშნავია, რომ მელიას დაპატიმრება სწორედ ყოფილი პრემიემინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.