საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილები, "არაერთი გაფრთხილების მიუხედავად", პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტების თქმით, პარტიის ოფისში შეკრებილები პოლიციას ხელებაწეულნი შეხვდნენ. ამასთან, ნიკა მელიას დაკავების პროცესში, როცა სპეცრაზმის შესვლას ხმაური მოჰყვა, კადრებში ჩანს, რომ მელია მათ დამშვიდებისკენ მოუწოდებს და ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება არ არის.

შსს ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი გაურკვეველ საგანს ისვრის. შსს-ს მტკიცებით, ეს ადამიანი ენმ-ის აქტივისტია და მყარი საგანი პოლიციის მიმართულებით ისროლა, რა დროსაც დაზიანდა იქვე მყოფი მოქალაქის ფოტოტექნიკა. უწყება ამბობს, რომ ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ კადრებს "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" ასაჯაროებს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია მელიას და იქ შეკრებილ მოქალაქეებს ოფისის დასატოვებლად ვადას აძლევს.

"სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს. შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა", — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დღეს, 23 თებერვლის დილით ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. პოლიცია პარტიის ოფისთან დაახლოებით 07:30 საათზე გამოჩნდა, ადგილზე იყო სპეცრაზმიც. ისინი შენობაში სხვადასხვა გზით, მათ შორის, სახურავიდან შევიდნენ, გაუშვეს გაზიც, რომლის შედეგადაც, რამდენიმა ადამიანი შეუძლოდ გახდა. ენმ-ის ოფისის პირველი სართულიდან მოქალქეების გამოყვანის შემდეგ, იქ მუშაობა შეუზღუდეს მედიასაც. მელიას დაკავების პროცესს მხოლოდ ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც თავიდანვე მასთან ერთად იმყოფებოდნენ.