"ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს", — ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი და სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება. ლომჯარიამ დღეს თქვა, რომ გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა.

"ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება [...] სახლახო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელსაც აბსოლუტურად, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ შეფასებას", — თქვა მან.

დღეს სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი შენონაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი საართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც.

აღსანიშნავია, რომ მელიას დაპატიმრება სწორედ ყოფილი პრემიემინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.