შვედი დიპლომატი და თანათავმჯდომარე ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კარლ ბილდტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკიდურესად შემაშფოთებელს უწოდებს.

"პოლიციის მიერ ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმით და პარტიის ლიდერის დაკავებით უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში. ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულება უნდა იყოს", — წერს ბილდტი ტვიტერზე.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსა.