საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ აცხადებს, რომ პრაგმატული პოლიტიკის დრო დადგა.

"დემოკრატია და პოლიტიკური ბალანსი კანონის უზენაესობაზე დგას. მონაწილეობაზე უარი, ინსტიტუტებზე ძალადობა და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება. ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ამ დღის წესრიგზე და პარლამენტში დაბრუნდეს. პრაგმატული პოლიტიკის დრო დადგა", — წერს თალაკვაძე ტვიტერზე.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსა.