NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს.

"ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. NATO საქართველოსგან, როგორც ახლო პარტნიორისა და ასპირანტისგან მოელის, შეინაჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები, რომლის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის მან ამდენი იშრომა. ეს პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტასა და მაპოლარიზებელი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის არიდებას მოიცავს", — წერს აპატურაი ფეისბუქზე.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსა.