ჰერითიჯის ფონდის მკვლევარი, ლუკ კოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკეს საქართველოში განვითარებული მოვლენებზე მის სასწრაფო ჩართვას ითხოვს.

"საქართველოში ძალიან სერიოზული სიტუაციაა. პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება ხელისუფლებას ეკისრება, ამის ნაცვლად აღმაშფოთებელი შტურმი მოაწყვეს მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბში და მისი ლიდერი დააპატიმრეს. ასეთი საქციელი მიუღებელია. მხოლოდ პუტინი იმარჯვებს ასეთ დროს. საჭიროა სიმშვიდე. საქმეში სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს", — წერს კოფი ტვიტერზე.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსა.