სასწრაფო დახმარების განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან სამედიცინო დახმარება 17 ადამიანს გაუწიეს, მათგან ორი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც სასწრაფო დახმარებაში აცხადებენ, 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. კლინიკაში გადაყვანილი ორი პაციენტიდან ერთმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა, ხოლო მეორე დღის ბოლოსთვის დატოვებს.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსა.