საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, რომელსაც პოსტი ქართული ოცნების ხელისუფლების დროს ეკავა, აცხადებს, რომ ამჟამად ერთადერთი სწორი ნაბიჯი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

"ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ", — წერს ჯანელიძე ფეისბუქზე.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსა.